Russian English
აშშ-ს ყველაზე მდიდარი ქართველის - გივი ზალდასტანიშვილის ანდერძი
ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 - 23:19
გივი ზალდასტანიშვილი 1919 წლის 1 ნოემბერს დაიბადა თბილისში სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ოჯახში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ჯერ სოლომონი – „აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი" წავიდა ემიგრაციაში. სულ მალე კი მარიამიც შეუერთდა ბავშვებთან – გივისა და ოთართან ერთად.
პარიზში ზალდასტანიშვილები ბავშვებს მართლმადიდებლური წესით ზრდიდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ქართული ენა და ცნობიერება არ დაეკარგათ.
გივი მშობლებმა განათლების მისაღებად ფრანგულ სკოლაში შეიყვანეს. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში.
1942 წ. შეიქმნა პარიზის ქართველი ახალგაზრდების ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც 1942-46 წწ–ში გივი ზალდასტანიშვილია. ასოციაციის მიზანი იყო ქართული კულტურის, ენის, ისტორიის წარმოჩენა, ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანი, შემოქმედებითი თუ პროფესიული უნარ–ჩვევების ხელშეწყობა.
1942 წელს გივი ზალდასტანიშვილი გამოდის საფრანგეთის საზღვაო–სამხედრო ძალებიდან და სწავლას პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში იწყებს. პარალელურად 1944 წ. წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წ. კი ამავე უნივერსიტეტის იურისპუდენციის ასპირანტურა. დიპლომის მიღებისთანავე ადვოკატობა დაიწყო.
1946 წელს ოთარ ზალდასტანიშვილი აშშ გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე თვეში ჰარვარდის სტუდენტი გახდა. მისი დაჟინებული თხოვნით, 1947 წლის დასაწყისში გივი და დედაც ამერიკაში გადავიდნენ. ინგლისურ ენასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, გივიმ შეძლო ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება. 1951 წ. მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, თუმცა ჰარვარდთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრი.
თავიდან გივი ზალდასტანიშვილმა „ბიზნეს შესძლებლობები" საცალო–სავაჭრო ფირმა Federated Department Stores-ში სცადა, სადაც 1951 წ. დაიწყო მუშაობა ჯერ უბრალო მუშად, შემდეგ კი – შესყიდვების განყოფილების მენეჯერად. 1962-80 წწ–ში იყო ბოსტონში ავეჯით მოვაჭრე მაღაზია The Finishing Touch მფლობელი და პრეზიდენტი. 1980 წლიდან იყო ბოსტონში მარკეტინგული ფირმის Zaldastani Consulting, Inc.-ის პრეზიდენტი. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა საინჟინრო–საკონსულტაციო ფირმას Zaldastani Assiociates. დაუღალავი შრომის შედეგად გივი ზალდასტანიშვილმა დააგროვა კაპიტალი, შეიძინა სოლიდური საცხოვრებელი სახლები ამერიკასა და საფრანგეთში, პატარა კუნძული კარიბის ზღვაში, სადაც ააშენა სასტუმროები.
გივი ზალდასტანიშვილი საქართველოში 62 წლიანი განშორების შემდეგ 1986 წ. დაბრუნდა. 1988 წელს კი მეორედ მეუღლესთან მიშლენ დე'ბიევასთან ერთად ესტუმრა სამშობლოს. ამის შემდეგ მისი ვიზიტები სულ უფრო ხშირი გახდა. გივი ზალდასტანიშვილის უმთავრესი ოცნება ეკონომიკის სფეროში საქართველო–ამერიკის ურთიერთობის დამყარება იყო, რაც 90-იანი წლებიდან მისი საქმიანობის უპირველეს მიზნად იქცა... თუმცა მის წამოწყებას ბევრი, მისთვის გაურკვეველი და აუხსნელი წინააღმდეგობა მოჰყვა, რის გამოც ვერ განხორციელდა მაღალი დონის ბიზნეს პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოში მეცხოველეობის ფერმების დიდი ქსელის დაარსებას, წამლებისა და მედიკამენტების ქარხნის აშენებას და სხვა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად ძმებმა ზალდასტანიშვილებმა ჯონ მალხაზ და ოთარ შალიკაშვილებთან ერთად დაარსეს საზოგადოება Georgian coaster departament.
გივი ზალდასტანიშვილი, დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, არასდროს ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმიანობას. ამერიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო ურთიერთობა აშშ ქართველი ახალგაზრდობის ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტიც 1966 თავადვე გახდა. აქტიურად მონაწილეობდა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის" დაარსებაში, მაგრამ იქ დიდხანს არ უმუშავია. 1951 წ. ხდება ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემის The voice of free Georgia-ს („თავისუფალი საქართველოს ხმა") რედაქტორი. 1953 წლიდან რედაქტორი ალექსანდრე ცომაიაა, გივი კი სარედაქციო კოლეგიის წევრად აგრძელებს მუშაობას. 1955 წელს მან ალექსანდრე ცომაიასთან, დიმიტრი სინჯიკაშვილთან (სინდიკელი), ს. კაიშაურთან, და გ. ლოლუასთან ერთად ნიუ–იორკში დაარსა გაზეთი „ქართული აზრი", სადაც გივი და ოთარი მუდმივად აქვეყნებდნენ წერილებს. 1974 წლიდან გივი გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი ხდება. 1970 წელს აქტიურად მონაწილეობს პარიზში ქართულენოვანი ჟურნალის „ივერიის" გამოცემაში, რომლის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრია 1990 წლამდე. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა გივი ზალდასტანიშვილის მოღვაწეობა ამერიკის ქართველთა სათვისტომოში, რომლის წევრიც 1957 წ. 24 ნოემბერს გახდა. 60-იან წლებში ხრუშჩოვისა და მისი მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული დაუფარავი, უაღრესად მტრული დამოკიდებულების პერიოდში ამერიკის ქართული სათვისტომო დიდი აქტიურობით იწყებს ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან თანამშრომლობას და აქაურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ამ პერიოდიდან გივი ზალდასტანიშვილიც ერთვება ამერიკის პოლიტიკურ საქმიანობაში, მისი სიმპატიები თავიდანვე რესპუბლიკელთა მხარეს გადაიხარა. ის შედის რესპუბლიკურ პარტიაში და პრეზიდენტის კანდიდატობის დამხმარე ჯგუფის წევრიც ხდება.
გივი ზალდასტანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებს, საქართველოდან 1921 წელს გატანილი სახელმწიფო არქივის მოვლისა და დაცვისათვის, საქართველოში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის 1997 წელს  საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა 
2001 წელს გივი ზალდასტანიშვილმა ამერიკელ პედაგოგ დონალდ თომასთან ერთად თბილისში დაარსა ამერიკული აკადემია – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეძლებს სწავლის წარმატებით გაგრძელებას.
გივი ზალდასტანიშვილი 2007 წლის 15 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
გივი ზალდასტანიშვილის პირველი მეუღლე გახლდათ მერედეტ ფაუერი, რომელთანაც სამი შვილი – თამარი, ნიკოლოზი და ნინო შეეძინა. ნიკოლოზმა ჰარვარდი ბიზნესისა და კომპიუტერის განხრით დაამთავრა, ჰყავს მეუღლე ქეროლი და შვილები – მაია და ალექსანდრე. თამარის მეუღლე არჩი ჯონტონიც კომპიუტერების სპეციალისტია, ჰყავთ ორი შვილი – ნათელა და სოფიო. ნინო რტოი ტორზეა გათხოვილი და მათაც ორი შვილი – ჰანტერი და კელი ჰყავთ. გივი ზალდასტანიშვილის მეორე მეუღლე ფრანგული წარმოშობის ბელგიელი ქალბატონი მიშლენ დე'ბიევა იყო.
Mediacity.ge გთავაზობთ გივი ზალდასტანიშვილის ანდერძს, რომელიც მან თავის შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვა.  
„ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, დიდებო და პატარებო!
ქართველი! სწორედ ეს არის სიტყვა, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრად იქცა. ცხოვრების, რომლის უდიდესი ნაწილიც სამშობლოდან შორს, უცხო მხარეში გავატარე.
სწორედ ამ მიწისა და ხალხის სიყვარულმა დამაბრუნა საქართველოში ამდენი ხნის დაცილების შემდეგ.
ვერ ვიტყვი, რომ პატარაობიდანვე მქონდა გათვითცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი ერის შვილი ვიყავი და ვატარებდი სახელს ქართველისას.
ქართველობა მხოლოდ ერს არ ნიშნავს: მასში იგულისხმება ყველა ის ღვთაებრივი თვისება, რომელიც გამჩენმა ჩვენმა ისურვა თავისი ხატის მგსავსი ცოცხალი არსებისათვის.
ჩემი სურვილი და თხოვნაა იყოთ ნამდვილი ქართველები და ისევე გიყვარდეთ სამშობლო, როგორც საკუთარი სული.
მუდამ ისეთი ამაყები იყავით თქვენი ენით, მიწით და რჯულით, როგორც მე ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე.
ქართველს ეს გრძნობა ვერ დაუკარგა ვერავითარმა მტრობამ, გაჭირვებამ და დამცირებამ. და მეც ამაყი ვარ იმით, რომ ისევე როგორც ჩემი მებრძოლი შემოქმედი წინაპარი, ქართველი კაცის სახელით დავაბიჯებ ქართულ მიწაზე, ღირსეული ხალხის ქვეყანაში.
მოდით, ამ რწმენით დავდგეთ ერთად, ვაშენოთ ერთად და ერთად ვიამაყოთ ძლიერი და გამარჯვებული საქართველოთი.
 
გივი ზალდასტანიშვილი“.
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.