Russian English
(VIDEO) „ძაღლივით გათრევ“ - გამგებელმა სკოლის დირექტორი სცემა
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 - 21:14
უზბეკურმა  ინტერნეტ-პორტალმა Kun.uz-მა გამოაქვეყნა  ვიდეო, რომელზეც საიხუნაბადის ოლქის გამგებელი სცემს და ფიზიკურად უსწორდება ადგილობრივი სკოლების დირექტორებს. მიზეზი - დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე  არასაკმარისი რაოდენობის ხალხის შეკრება. 
„განა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა - შენი დამოუკიდებლობა არ არის? არ არის ეს შენთვის დღესასწაული“ - ბოლო ხმაზე გაჰყვირის ვიდეოში  ნოსირჟონ ეგამბერდიევი და ასილაქებს სკოლის დირექტორებს, „ძაღლივით გათრევ, მაცალე. რატომ არ სცემ პატივს შენს რაიონს“.
არადა, დირექტორებმა ხალხი მოიყვანეს, უბრალოდ 25 აგვისტოს ნაცვლად დღესასწაული გამგებელმა 27-ში გადაიტანა და ხელახლა იგივე რაოდენობის ხალხის შეკრება ვეღარ შესძლეს სკოლების ხელმძღვანელობამ. ამის გამო, ხოკიმმა (ოლქის თავი უზბეკეთში) შენიშვნა მისცა   ნოსირჟონ ეგამბერდიევს ცუდი ორგანიზებისთვის, ამ უკანასკნელმა კი შური დირექტორებზე იძია - სილაქებით!
უზბეკეთის რადიო  „თავისუფლების“ ფილიალს ერთ-ერთმა გალახულმა სკოლის დირექტორმა მიმართა და გადასცა ვიდეო. მისი მონაყოლით, ღონისძიებამდე ერთი საათით ადრე, სკოლის დირექტორებს  სმს-ი გაუგზავნა რაიონის გამგებელმა, სადაც ხალხის შეკრებას ავალებდა. მათ ეს ვერ მოასწრეს, რისთვისაც მეორე დღეს იცემნენ. როგორც გაირკვა, დირექტორებამდე გამგებელს ნაცემი ჰყავდა ფერმერები, ექიმები და  სხვა სფეროს მუშაკები. თუმცა, პრეტენზიები აქამდე არავის წამოუყენებია.
რადიო „თავისუფლების“ უზბეკეთის ფილიალის ჟურნალისტის სიროჟიდინ თოლიბოვის განმარტებით, გამგებელს ამისთვის პასუხს არავინ აგებინებს.
„მასწავლებელთა ცემის ფაქტები ჩვენთან ხშირად ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უზბეკეთის სახელმწიფო სისტემის ქრონიკული დაავადებაა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ცემის შემდეგ ადგილობრივ ფერმერებს და  მასწავლებლებს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებიათ“ - აცხადებს ჟურნალისტი.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.